Toyota Dream Car Art

04 თებ, 2021

„ტოიოტა ცენტრ თბილისმა“ „ტოიოტა მოტორ კორპორაციის“ მიერ ორგანიზებული ყოველწლიური საერთაშორისო საბავშვო ხატვის კონკურსის - ტოიოტას ოცნების ავტომობილი“ (Toyota Dream Car Art) ეროვნულ დონეზე გამარჯვებულები გამოავლინა. ცხრავე გამარჯვებულის ნამუშევარი, რომელიც საქართველოში ჩატარებული კონკურსის შედეგად, სამ ასაკობრივ კატეგორიაში საუკეთესოდ დასახელდა, იაპონიაში გაიგზავნება. ცხრავე ქართველი გამარჯვებული ტოიოტას მე-14 საერთაშორისო კონკურსის საპრიზო ადგილის მოსაპოვებლად იბრძოლებს.



„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ 16 წლამდე ასაკის ბავშვთა საკონკურსო ნამუშევრების მიღება 2020 წლის სექტემბრიდან დაიწყო და დეკემბრის ბოლოს დასრულდა. საერთო ჯამში, ეროვნულ დონეზე მიმდინარე კონკურსის ფარგლებში, 84 მონაწილე დარეგისტრირდა.


„დახატე შენი ოცნება, მართე მომავალი“ - ტოიოტას უდიდესი საერთაშორისო კონკურსის სლოგანია, რომლის გაზიარების სურვილი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ათეულათასობით ბავშვთან ერთად, ქართველმა ბავშვებმაც გამოთქვეს და ამით მათ უნიკალური შესაძლებლობა მოიპოვეს, თავიანთი ოცნება მსოფლიოს გააცნონ.


კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულის - 12 წლის ნ.ბ-სს ოცნების ტოიოტა მთელი მსოფლიოს ბავშვებს ეხმარება. მის მიერ დახატული ავტომობილი-ფერმა უახლესი ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი, საკვებსა და ნივთებს გამოიმუშავებს და იმ ბავშვებს უგზავნის, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. 10 წლის ა.კ-ს ოცნებით შექმნილ ავტომობილს ფრენა შეუძლია. ის კოვიდ-19-ის ვაქცინას აფრქვევს საქართველოს და ყველა ქვეყანას იმისათვის, რომ სამყარო გადაარჩინოს. 13 წლის ქ.გ-მ კი ტოიოტას უნიკალური მოდელი შექმნა. ამ საოცნებო ავტომობილში მხოლოდ ხანდაზმული ადამიანები სხდებიან. მოგზაურობის შემდეგ ისინი ახალგაზრდები, ენერგიული და მხიარულები ხდებიან. როგორც ქრისტინე ფიქრობს, ამით ადამიანი უკვდავი არ ხდება, მაგრამ მას კიდევ ერთი შანსი ეძლევა.

კომპეტენტური ჟიურის დახმარებით, „ტოიოტა ცენტრ თბილისმა“ სამ ასაკობრივ კატეგორიაში 9 გამარჯვებული გამოავლინა. I კატეგორიაში: I ადგილი - ელენე შარვაძე, II ადგილი - საბა ახვლედიანი, III ადგილი - გიორგი კოპაძე; II კატეგორიაში: I ადგილი - ანანო კემულარია, II ადგილი - რატი დევდარიანი, III ადგილი - ლუი აბზიანიძე; III კატეგორიაში: I ადგილი - ქრისტინე გოჩიაშვილი, II ადგილი - ნუცა ბოლაშვილი, III ადგილი - სანდრო ასათიანი.


გამარჯვებულებს სერთიფიკატები, სასაჩუქრე ვაუჩერები და სამახსოვრო საჩუქრები „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა თინათინ მაკარიძემ ინდივიდუალურად გადასცა. გარდა ამისა, კონკურსში მონაწილე უკლებლივ ყველა ბავშვს „ტოიოტა ცენტრ თბილისმა“ წამახალისებელი პრიზები გაუგზავნა.


როგორც თინათინ მაკარიძე აღნიშნავს, ცხრავე ნამუშევარი, გლობალურ კონკურსში მონაწილეობის მიზნით, იაპონიაში, „ტოიოტა მოტორ კორპორაციას“ გაეგზავნება.


„ტოიოტა მოტორ კორპორაცია“, უდიდესი საერთაშორისო ხატვის კონკურსით სხვადასხვა ეროვნების უამრავ ბავშვს აძლევს საშუალებას, თავისი ოცნება მსოფლიოს გაანდოს და ამით სამყარო გაცილებით კეთილი და გულისხმიერი გახადოს. წლევანდელ კონკურსში მონაწილე ბავშვების ნამუშევრები გასაოცრად მრავალფეროვანი და განსაკუთრებულად საინტერესო აღმოჩნდა. სასიხარულოა ისიც, რომ პანდემიის მიუხედავად, კონკურსში ჩართულობა საკმაოდ მაღალი იყო. „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ გამარჯვებულ ნამუშევრებს იაპონიაში გაგზავნის, სადაც კონკურსის ფინალური ტური გაიმართება. დიდი სურვილი და იმედი გვაქვს, ფინალისტებს შორის ბავშვები საქართველოდანაც აღმოჩნდებიან“, - განაცხადა თინათინ მაკარიძემ.


საქართველოში ჩატარებული კონკურსის 9 ფინალისტის ნამუშევრები ჟიურიმ კონკურსში შემოტანილ 84 ნახატს შორის საუკეთესოდ აღიარა. ტოიოტას საერთაშორისო კონკურსის ფინალური ტურის შედეგები 2021 წლის ივნისში გახდება ცნობილი, დეტალური ინფორმაცია კი გამოქვეყნდება კონკურსის ვებგვერდზე - https://www.toyota-dreamcarart.com